2019 წლის 20 ივნისს, თბილისში, დაახლოებით ათი ათასი ადამიანი საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა რათა გაეპროტესტებინა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა, მის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტათაშორისო ასამბლეის რუსულ ენაზე წაყვანა და საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება. აქციის მონაწილეები, რუსი დეპუტატის საქართველოში მოწვევის გამო, ითხოვდნენ, რომ რუს დეპუტატ გავრილოვს საქართველო დაუყოვნებლივ დაეტოვებინა და ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანამებობიდან გადამდგარიყვნენ.
პოლიციამ საპროტესტო აქციის დასაშლელად გამოიყენა არაპროპორციული ძალა. მათ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, გამოიყენეს სპეციალური საშუალებები : რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. პოლიციის მიერ არამართლზომიერი ძალის გამოყენების ფაქტები დოკუმენტირებულია ვიდეო-კადრებით. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 240 ადამიანი დაშავდა და, დაახლოებით, 50 მათგანი კვლავ აგრძელებს მკურნალობას ; ორი ადამიანი კი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
დაზარალებულთა უმრავლესობამ ძირითადი დაზიანებები სწორედ სახისა და თავის არეში მიიღო, რაც მიანიშნებს, რომ მათ რეზინის ტყვიები წინასწარ დამიზნებით ესროლეს. დაზარალებულებს შორის არიან გამვლელებიც, რომლებიც არ მონაწილეობდნენ აქციაში.
ფიზიკური დაზიანებები მიიღო 38 ჟურნალისტმა, რომლებიც აშუქებდნენ საპროტესტო აქციას - პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიები მათ წინააღმდეგ. საპროტესტო აქციის დაშლამდე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა და მისმა თანმხლებმა პირებმა საქართველოს პარლამენტის შენობიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით, უკანონოდ გამოაძევეს აკრედიტებული ჟურნალისტები და ხელი შეუშალეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა.
2019 წლის 24 ივნისს, გამოძიება და დისციპლინური წარმოება დაიწყო 10-მდე პოლიციელის მიმართ. ფედერაცია და მისი წევრი ორი ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა ცენტრი და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი, მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყონ ეფექტიანი, სრულფასოვანი და დროული გამოძიება. სამი არასამთავრობო ორგანიზაცია დაუშვებლად მიიჩნევს საზოგადოების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებას.
საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად, დემონსტრაციის დროს პოლიციამ შესაძლოა, გამოიყენოს მხოლოდ პროპორციული ძალისმიერი ზომები, საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე და იმ მასშტაბით, რაც საკმარისია ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. პოლიციელებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალისმიერ მეთოდებს არ მოჰყვეს არაპროპორციული ზიანი. პოლიციის მიერ პლასტიკური და რეზინის ტყვიების გამოყენება, საციცოხლო ორგანოებზე დამიზნება უხეშად არღვევს საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობას.
თბილისში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება მიუხედავად დემონსტრანტების ძალისმიერი მეთოდით დარბევისა. ფართომასშტაბიანი პროტესტის შედეგად, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა. საქართველოს ხელისუფლება მეორე დათმობაზეც წავიდა და გამოთქვა მზადყოფნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, რასაც ითხოვდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები. შესაბამისი ცვლილებები შევა საქართველოს კონსტიტუციაში.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი და ნორვეგიის ჰელსინკის კომტეტი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას :
დაუყოვნებლვ დაიწყონ საფუძვლიანი და ეფექტიანი გამოძიება ძალის გადამეტების თითოეულ ფაქტზე ;
დაუყოვნებლივ დადგეს იმ პირთა, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირთა, პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ გასცა ბრძანება ;
თავი შეიკავონ მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს ძალისმიერი საშუალებების გამოყენებისგან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ;
გაიმართოს საჯარო დისკუსიები ალტერნატიული საშუალებების შესახებ, რომლებიც შესაძლოა, პოლიციამ გამოიყენოს არაძალადობრივი ზომების გამოყენების დროს, მასობრივი დემონსტრაციების დროს და შესაბამისი ცვლილებები შევიდეს საქართველოს კანონმდებლობაში ;
მკაცრად იყოს უზრუნველყოფილი პოლიციელების ქმედების შესაბამისობა მათ ვალდებულებებთან, რომ თავი შეიკავონ აქციის მონაწილეთა მიმართ არაპროპორციული ძალისმიერი მეთოდების გამოყენებისგან ;
დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება დემონსტრაციის დარბევისას ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და მიყენებული ფიზიკური დაზიანების ფაქტებზე ;
დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯები სრულად დაფაროს სახელმწიფომ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით :
FIDH : ევა ქანანი : +33 6 48 05 91 57 / ecanan@fidh.org
HRC : ალეკო ცქიტიშვილი +995 599 93 76 76 /a.tskitishvili@gmail.com
NHC : ოგე ბორჩგრევინკი aab@nhc.no