საქართველო: 2008 წლის ომის მსხვერპლთა უფლებების აღდგენა დამოკიდებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ჩატარებულ ეფექტურ გამოძიებასა და ადგილობრივ დონეზე წარმოებულ მიუკერძოებელ გამოძიებაზე

03/05/2016
Press release
en fr ka

პარიზი-თბილისი, 23-დან 27 აპრილამდე საქართველოში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) და ადამიანის უფლებათა ცენტრმა განახორციელეს ერთობლივი შეფასებითი მისია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ 2008 წლის ომის დროს ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. FIDH-სა და ადამიანის უფლებათა ცენტრის დელეგაციები შეხვდნენ ომით დაზარალებულებს, ხელისუფლებისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ომის მსხვერპლთა ადვოკატებს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ ჩვენი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ აცხადებენ, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ხელისუფლებასა და საერთაშორისო სასამართლოს შორის თანამშრომლობას და ადგილობრივ დონეზე ეფექტური გამოძიების წარმოებას რათა მოხდეს დიდი ხნის ნანატრი სიმართლის დადგენა, სამართლიანობისა და ომის მსხვერპლთა უფლებების აღდგენა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ომის მსხვერპლებთან და კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებთან მუშაობა, რათა ინფორმაცია მივაწოდოთ მათ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მანდატისა და შესაძლებლობების შესახებ. ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის ცნობიერებაც უნდა გაიზარდოს ჰააგის სასამართლოს შესახებ.ასევე საჭიროა საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უნარების გაზრდა ამ მიმართულებით, რადგან ეს აუცილებელია ეროვნულ დონეზე ჰააგის სასამართლოს მიერ ჩატარებული გამოძიების გონივრული შედეგისათვის“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნინო ტლაშაძე.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლებში, მათ შორის - ერგნეთში, ვიზიტისას ორგანიზაციების წარმომადგენლებს ომის მსხვერპლებმა გაუზიარეს უდიდესი სურვილი, აღდგეს სამართლიანობა და მათი დარღვეული უფლებები, რაც კიდევ უფრო ძნელად ასატანია ომის შემდგომ არსებული მძიმე ეკონომიური, სოციალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო; აღნიშნული პრობლემები ომის დამთავრებიდან რვა წლის მერეც მოუგვარებელია. სოფლის მოსახლეობამ გამოხატა მზაობა, დაეხმარონ ომით დაზარალებულ საზოგადოებებს შორის შერიგების პროცესს, რაც სამწუხაროდ, იქ არსებული უსაფრთხოების პრობლემების გამო ფერხდება. რეალურად, კვლავ ხდება მშვიდობიანი მოსახლეობის დაპატიმრება და მავთულხლართების აგება, რითაც რუსეთის მიერ კონტროლირებადი ადმინისტრაციული საზღვარი უფრო და უფრო მეტად შედის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. შედეგად, უფრო მეტი ადამიანი კარგავს სახლ-კარს და ნაკვეთებს; ამ პროცესით კი კიდევ უფრო ძლიერდება საფრთხის შეგრძნება ადგილობრივ მოსახლეობაში.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაწყებული გამოძიების მნიშვნელობა ზედმეტად არ უნდა შეფასდეს რეგიონში. ის გზავნის სიგნალს, რომ არაღიარებულ ტერიტორიებში, როგორიცაა - სამხრეთ ოსეთი, ვერ იქნება დაუსჯელობის სინდრომი და რომ ისინი, ვინც ყველაზე მეტადაა პასუხისმგებელი ომის დანაშაულებებში, უნდა დაისაჯონ“, - აცხადებს FIDH-ის პრეზიდენტი კარიმ ლაჰიდჯი.

ჩვენი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებებმა სრულად უნდა ითანამშრომლონ ჰააგის სასამართლოს გამოძიებასთან, რომლის უპირველესი სამიზნე იქნება ყველა ის პირი, ვინც უშუალოდ არის პასუხისმგებელი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და ომის დანაშაულებისთვის 2008 წლის ომში. ამავე დროს, აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს ადგილობრივ დონეზე ეფექტური გამოძიება და სისხლის სამართლის დევნა დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ, რათა უზრუნველყოფილი იყოს მსხვერპლთა შეუფერხებელი მართლმსაჯულებისადმი წვდომა. მხოლოდ ომის მსხვერპლთა მცირე ნაწილი აცხადებს, რომ მათ ადგილობრივი მართლმსაჯულების მიერ მიენიჭათ ომის მსხვერპლის სტატუსი. მათი ადვოკატები კი საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებთან აცხადებდნენ, რომ საქმის მასალებთან წვდომა არა აქვთ, რაც ხელს უშლით მათ, შეაფასონ, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობდა ადგილობრივ დონეზე გამოძიება.

წინაისტორია

საქართველოს ჯარსა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ სამხედრო ძალებს შორის შეტაკება დაიწყო 2008 წლის აგვისტოს პირველ დღეებში, რასაც მოჰყვა 10 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შესვლა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. 12 აგვისტოს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, მაგრამ დანაშაულების ჩადენა კვლავ გრძელდებოდა. რუსეთმა პირობა დადო, რომ 2008 წლის 10 ოქტომბრამდე გაიყვანდა ჯარებს. 

საქართველოს კონფლიქტის შესახებ დამოუკიდებელი საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის (IIFFMCM) მიხედვით, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაახლოებით 850 ადამიანი დაიღუპა, 100 000-მდე ადამიანი კი იძულებული გახდა, მიეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები.

2008 წელსვე სასამართლოს პროკურატურამ დაიწყო საქართველოში ჯერ კიდევ მიმდინარე კონფლიქტის წინასწარი გამოძიება. კონფლიქტის შედეგად ათი ათასობით ეთნიკური ქართველი გახდა იძულებით დევნილი. ამ მასობრივი იძულებითი გადაადგილების გამოძიება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი იქნება საერთაშორისო სასამართლოსთვის.

2015 წლის 13 ოქტომბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა ფატუ ბენსუდამ ამავე სასამართლოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდეგ ჩადენილ მძიმე დანაშაულების გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა, რომელსაც საფუძვლად ედო ომის 6 335 მსხვერპლის გზავნილი სასამართლოში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასწარი გამოძიების პალატამ დაასკვნა, რომ „არსებობს გონივრული საფუძველი იმისა, რომ ჩადენილი იყო ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაში არსებული დანაშაულები“ სამხრეთ ოსეთში და მიმდებარე ტერიტორიაზე, რის გამოც უნდა დაიწყოს გამოძიება. ეს დანაშაულებია კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მოსახლეობის იძულებითი განდევნა და ომის დანაშაულები, როგორიცაა: მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, მიზანმიმართული მკვლელობები, სამშვიდობო ძალებზე თავდასხმა, ქონების განადგურება და ძარცვა, რაც სავარაუდოდ, ჩადენილია საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის პერიოდში.

Read more